დღეს, 25 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გმირთა მოედანზე ესტაკადას გახსნის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, გაიხსნება ესტაკადას ის მონაკვეთი, რომელიც ამ დროისთვის აშენებულია.
ესტაკადას მშენებლობა ივლისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მდინარე ვერეზე გაკეთდება 5 ხიდი, ორდონიანი კვანძი გმირთა მოედანზე ხილიანის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით. გარდა ამისა, მაგისტრალზე მოეწყობა სამი ესტაკადა. მათ შორის, თამარაშვილის ქუჩიდან გადასასვლელი 480 მ სიგრძისა და გმირთა მოედანზე გადასასვლელი 520-მეტრიანი ესტაკადები.
2 800-მეტრიანი მაგისტრალური გზა ცემენტბეტონის საფარით გაკეთდება. საამისოდ ბიუჯეტიდან წელს 30,8 მლნ ლარი გამოიყო. მშენებლობა 2010 წლის ბოლოს დასრულდება.
ახალი გზის პროექტირება ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას საგზაო ინსტიტუტს "საქგზამეცნიერებას" დაევალა, მშენებლობას კი ტენდერში გამარჯვებული ქართულ-გერმანული ფირმა "Caucasus road project"-ი განახორციელებს. მაგისტრალი ვაკე-საბურთალოს გზაზე სატრანსპორტო მოძრაობას განტვირთავს და ასევე, ვარაზისხევში ეკოლოგიურ სიტუაციას გამოასწორებს. კერძოდ, მაგისტრალის შედეგად სატრანსპორტო მოძრაობა განიტვირთება ჭავჭავაძის გამზირზე, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველასა და პეკინის ქუჩებზე.