ხვალ, 16 ივნისს, 09:00-ზე თბილისში, სასტუმრო HOLIDAY INN-ში გადაუდებელ მედიცინაში ინტერნაციონალური კონგრესი დაიწყება, რომელშიც 7 ქვეყნის (აშშ, ესპანეთი, ლიბანი, ლიტვა, მექსიკა, პოლონეთი და თურქეთი) 28 მომხსენებელი მიიღებს მონაწილეობას. კონგრესს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გახსნის.
მოწვეული უცხოელი სტუმრები ქართველ ექიმებს საკუთარ გამოცდილებას და თანამედროვე მიღწევებს გაუზიარებენ გადაუდებელ მედიცინაში, როგორც კლინიკური ისე ადმინისტრაციული მიმართულებით, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფებისა და ტრავმების მართვას.
მედიცინის ამ დარგის განვითარება ქართული ჯანდაცვისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც ავადობის გამოსავლის გაუმჯობესებასთან ერთად ჰოსპიტალური საწოლ-ფონდის მიზნობრივ და საჭიროებისამებრ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
გადაუდებელი მედიცინის განყოფილებების შექმნა მნიშვნელოვანია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისთვის.
საქართველოში პირველი ინტერნაციონალური კონგრესი გადაუდებელ მედიცინაში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მხარდაჭერით ტარდება.
„ევექსმა“ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის გადაუდებელი მედიცინის 10 ლიცენზირებული განყოფილება გახსნა. კორპორაციის სამომავლო გეგმებში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მედიცინის ამ დარგის განვითარება და კვალიფიციური კადრების გადამზადებაა.