ექსპორტის ხელშეწყობის სამსახური უახლოეს პერიოდში ახალ სავაჭრო ვებ-პორტალს აამოქმედებს.
როგორც ბრიფინგზე საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი მატკავამ განმარტა, ვებ-გვერდი HSBC ბანკთან ერთად შეიქმნება.
"გვერდზე ქართველი მწარმოებლები ამომწურავ ინფორმციას მიიღებენ იმ სავაჭრო რეჟიმების შესახებ რაც სხვადასხვა ქვეყნების ბაზრებზე არსებობს, ასევე იმ შეღავათებზე, რომლითაც ქართველ ექსპორტიორებს შეუძლიათ სარგებლობა ", - განაცხადა მატკავამ.
მისი თქმით, ამასთან, უცხოელი მყიდველები კი, სავაჭრო ვებ-პორტალზე მათთვის საინტერესო ყველანაირ ინფორმაციას მიიღებენ, რადგან გვერდზე ქართული პროდუქციისა და კომპანიების შესახებ ყველანაირი საქონტაქტო ინფორმაცია და კატალოგი განთავსდება.
პორტალი ქართულ და ინგლისურენოვანი იქნება. მისი ქართული ნაწილი ადგილობრივი კომპანიაების ინტერესებზე იქნება გათვლილი. მასზე განთავსდება ინფორმაცია სავაჭრო რეჟიმების, საბაჟო პროცედურების, საექსპორტო ბაზრების, სავაჭრო ტენდენციების, დაფინანსების წყაროების, ადგილობრივი და საზღვარგარეთ ის ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების შესახებ.
გვერდის ინგლისური ნაწილი კი, უცხოურ აუდიტორიაზე იქნება გათვლილი და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას მოემსახურება. მასზე განთავსდება პოტენციური მყიდველისა და ინვესტორისთვის საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის, ბიზნეს კლიმატის, გადასახადებისა და პროდუქტების შესახებ. ასევე, მასზე შესაძლებელი იქნება ქართველი მწარმოებლების მონაცემთა ბაზების გაცნობა. ბაზა გვერდზე რეგულარულად განახლდება.