რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსი მესაზღვრეების კავშირი უარყო. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“შეხვედრის ფარგლებში მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან სასაზღვრო რაიონში ვითარებასთან, ასევე მიმდინარე წლის 14-15 ივნისს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მომზადების საკითხებთან დაკავშიებით. თანათავმჯდომარეებმა ინფორმაცია მოგვაწოდეს სოხუმში, თბილისსა და ცხინვალში მათი ბოლო ვიზიტების შედეგების შესახებ”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ დიპლომატებმა განიხილეს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში აფხაზეთის ქალაქ გალში 27 მაისს გამართული რიგგარეშე შეხვედრს შედეგები. “19 მაისს საქართველო-აფხაზეთის საზღვრაზე მომხდარი ინციდენტის განხილვისას მოხდა კატეგორიული უარყოფა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფუძვლო ბრალდებების ინციდენტთან რუსი მესაზღვრეების კავშირის შესახებ”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებაში.
გრიგორი კარასინი მოსკოვში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერტს, ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეჰლერსა და გაერო-ს წარმოამდგენელს ანტი ტურუნენს შეხვდა.