27 მაისს, ქართული მხარის მოთხოვნით, 2012 წლის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარე დააყენებს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს.„აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა“,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ამასთან, 24 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა თავის რუს კოლეგას, გრიგორი კარასინს, ტელეფონით დაუკავშირდა და განიხილა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი.