კანის კიბოს და მელანომის დიაგნოსტიკისა და ადრეული გამოვლენის მიზნით, პანევროპული კამპანია „ევრომელანომა 2016-ის“ ფარგლებში, 14-15 მაისს, თბილისში მოსახლეობის უფასო გამოკვლევა ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კანის კიბოს სხვადასხვა ფორმის გამოსავლენად და დროული მკურნალობის დასაწყებად, კამპანია „ევრომელანომა“ საქართველოში მეხუთედ ტარდება და წელს მისი ლოზუნგია „მზე ყველგან ასხივებს და არა მხოლოდ სანაპიროზე!“.
„საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ პრეზიდენტის, „ევრომელანომას“ ნაციონალური წარმომადგენლის, ექიმ-დერმატოლოგ, პროფესორ ლალი მეკოკიშვილის განცხადებით, კამპანიის მიზანია ყურადღების გამახვილება მზისგან დაცვის ღონისძიებების მნიშვნელობაზე, რადგან, მისივე განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მზის სხივებისგან თავს არ იცავს.
დერმატოლოგების განცხადებით, ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ხარჯებს და პაციენტის გადარჩენის შანსს ზრდის.
როგორც მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო პანევროპულ კამპანიას „ევრომელანომა“ 2012 წელს შეუერთდა და წლების განმავლობაში ამ კამპანიის ფარგლებში 4000-მდე მოქალაქე გაისინჯა. გამოვლინდა სამიზნე დაავადებები, მათ შორის, მელანომა და არამელანომური კიბო და ჩატარდა უფასო ოპერაციები.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მერია „ევრომელანომა 2016-ის“ მხარდამჭერია და დედაქალაქის მოსახლეობას დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩატარებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, კანის კიბოს შემჩნევა შესაძლებელია და დროული აღმოჩენის შემთხვევაში ის განკურნებადია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სკრინინგის ორგანიზატორია „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“. გამოკვლევებს ჩაატარებენ დერმატოლოგები, ონკოლოგები და პლასტიკური ქირურგები. თბილისში სკრინინგის ჩატარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 30 54 17 და 2 18 22 58.