დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის მოახლოებიდან გამომდინარე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. როგორც იმნაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დასრულდა ზამთრის სეზონის ვირუსები და დაიწყება ზაფხულის სეზონის დაავადებები. მან ყურადღება ლეიშმანიოზსა და მალარიაზე გაამახვილა. იმნაძის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში მალარიის ადგილობრივი შემთხვევები არ ვლინდება, თუმცა ლეიშმანიოზის რამდენიმე ათეული შემთხვევა ვლინდება აღმოსავლეთ საქართველოში.
პაატა იმნაძე მშობლებს ურჩევს წლამდე ასაკის ბავშვები შებინდებისას სასეირნოდ არ გაიყვანონ, რადგან ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი სწორედ შებინდებისას დაფრინავს. წლის ზემოთ ბავშვებს კი მწერების დამაფრთხობელი საშუალება წაუსვან და ღია დაუცველი კანით არ გაასეირნონ. ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადეების გაკეთებაა.
იმნაძის თქმით, ლეიშმანიოზზე ნაკბენის შემჩნევა შეუძლებელია. კბენის სეზონი ივნისის მეორე ნახევრიდან იწყება. გამოვლენა კი შემოდგომის ბოლოს ხდება.