ქართული ტურისტული კომპანია'"თებულოტური" დასაქმებულ ადამიანებს საზაფხულოდ Weekendტურებს სთავაზობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, ტური შაბათ-კვირას, საქართველოს შიგნით მინიავტობუსებით, "ჯიპებით" მოგაზაურობას ან ფეხით ლაშქრობას გულისხმობს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებულად პოპულარული ხევსურეთსა და ხევში, ვაშლოვანისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებში მოგზაურობაა.
ამასთან, კომპანია ზაფხულში ახალგაზრდებს რამდენიმედღიან ლაშქრობას და ცხენებით მოგზაურობასაც სთავაზობს, რომელიც თუშეთიდან ხესვურეთში აწუნთას (3430 მ.) უღელტეხილის გავლით გადასვლას მოიცავს. ექსტრიმის მოყვარულთათვის კი, მდინარე არაგვზე რაფტინგები ეწყობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თებულოტური"-ს ხელმძღვანელმა პაატა ვარდანაშვილმა განუცხადა, კომპანიამ უკრაინულ "ლოტტურთან" გააფორმა ხელშეკრულება. თანამშრომლობის ფარგლებში, სპეციალურად უკრაინელი სტუმრებისთვის რამდენიმე მარშრუტი შემუშავდა მომლოცველებისთვის, მთისა და ზღვის მოყვარულთათვის. მარშრუტი სვანეთში მოგზაურობასა და შემდეგ ზღვაზე დასვენებას გულისხმობს.
"ჩვენს კომპანიაში ფასები დამოკიდებულია ტურისტების რაოდენობაზე, მარშრუტსა და კომფორტზე. მინიმალური ფასი ერთდღიან ექსკურსიაზე 20 ლარია, ხოლო მაქსიმალური ფასი ვერტმფრენით ტურზეა, სადაც ერთ დღეში ადამიანს დაახლებით 500 ლარის გადახდა უწევს. სტუმრების მოთხოვნების მიხედვით ყველა ტიპის სასტუმროსთან ვთანამშრომლობთ. რაიონებში ვცდილობთ სტუმრები ადგილობრივი კოლორიტების ოჯახებში ან საოჯახო სასტუმროებში ვაცხოვროთ, რათა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი შეძლონ და სრულად შეიგრძნონ ქართული სული. ხევსურეთში ისინი შატილის კოშკებში ან არდოტში, პოეტ მურღვა არდოტელის ოჯახში ათევენ ღამეს", - განაცხადა ვარდანაშვილმა.
მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ 2010 წლამდე, ტურისტების 70-80 პროცენტი, რომლებიც მისი კომპანიის მომსახურებით სარგებლობდნენ, ქართველები იყვნენ. წელს 5 თვის მონაცამებით კი, ეს მაჩვენებლები შეიცვალა - ტურისტების 70 პროცენტი უცხოელები არიან.
"ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - "ლოტტურთან" თანამშრომლობა და უკრაინელი სტუმრების მომრავლება; ასევე საქართველოს ცნობადობის გაზრდა უცხოეთში. ზამთარში ძირითადი აქტიურობა ბაკურიანსა და გუდაურშია, სადაც ქართველებს დამოუკიდებლადაც შეუძლიათ დასვენება. ზაფხულში კი, ქართველი ტურისტების რიცხვი ალბათ გაცილებით მოიმატებს", - განაცხადა პაატა ვარდანაშვილმა.
კომპანია'"თებულოტური" ძირითადად შიდა ტურიზმის განვითარებაზე მუშაობს.