"საქსტატი" მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ "საქსტატის" სახელით მათთან მისულ უცხო პირებს ნუ მისცემენ ინფორმაციას, თუ ოჯახს წინასწარ შეტყობინება არ მიუღია, რომ იგი სტატიტიკურ კვლევაშია მოხვედრილი.
"საქსტატის" განცხადების თანახმად, ბოლო პერიოდში გახშირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სახელით მოქალაქეებთან სახლებში მისვლა და მათი პირადი მონაცემების მოთხოვნა სხვადასხვა სტატისტიკური კვლევების ჩატარების მიზნით.
"უამრავი მოქალაქე გვიკავშირდება და გვეუბნება, რომ "საქსტატის" სახელით მათთან იყვნენ მისული პიროვნებები, რომლებიც ითხოვენ შემდეგ მონაცემებს - ოჯახის წევრების რაოდენობა, დაბადების თარიღი, განათლება, ოჯახის წევრთა დასაქმების მდგომარეობა და სხვა", - აცხადებენ სამსახურში.
მათი განმარტებით, "საქსტატი" ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად ატარებს შინამეურნეობის კვლევას, რისთვისაც ოჯახებიდან გარკვეული ინფორმაციის მიღება ხდება.
პროცედურის თანახმად, "საქსტატის" ინტერვიუერი მიდის ოჯახში მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩევაში მოხვედრილ ოჯახს გაეგზავნება ოფიციალური წერილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან. სტატისტიკურ კითხვარს მარჯვენა ზედა კუთხეში აქვს საქსტატის ლოგო და წარწერა, რომ კითხვარი დამტკიცებულია საქსტატის საბჭოს დადგენილებით.