კომპანია "ტექნო ბუმმა" დღეს ტექნიკის სარეალიზაციო ოთხი მაღაზია გახსნა.
"ტექნო ბუმის" მაღაზიების ქსელში, რომელიც "ელიტ ელექტრონქისის" ყოფილმა მენეჯმენტმა დააფუძნა, საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ციფრული ტექნიკა გაიყიდება.
თბილისში ერთი მაღზია საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს, ბათუმში კი - ერას ქუჩაზე. ქსელი სამომავლოდ გაფართოვდება. "ტექნო ბუმში" ამჟამად 120 თანამშრომელია დასაქმებული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ეთერ ქოქოლაძემ განუცხადა, მაღაზიებში ცნობილი ბრენდების პროდუქცია გაიყიდება, მათ შორის ისეთი ბრენდებისაც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ჯერ წარმოდეგნილი არ არიან.
ამასთან, მისის თქმით, ჯერ-ჯერობით მაღაზიათა ქსელში "ბოშის" პროდუქცია არ გაიყიდება, ვინადან "ბოშს" წლის ბოლომდე ხელშეკრულება "ელიტ ელექტრონიქსთან" აქვს გაფორმებული.
"ეს არის მაღაზიათა ქსელი, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მობილურების და კომპიუტერების როგორც საცალო, ასევე საბითუმო გაყიდვებზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება კომპანიის სტრატეგიას, ის სახელწოდების შესაბამისია. აქ იქნება ტექნიკის დასახელებისა და შეუდარებელი ფასების ბუმი. ადამიანი, როდესაც ტექნიკის, კომპიუტერისა და მობილურის შეძენას გადაწყვეტს, ეცოდინება, რომ "ტექნო ბუმში" ყველაზე დაბალი ფასებია", - განაცხადა ქოქოლაძემ.
ამასთან, მისი თქმით, კომპანიის გაფართოების პარალელურად, გუნდი "ელიტ ელექტონიქსისთვის" ბრძოლას ისევ გააგრძელებს.
"ბრძოლას გავაგრძელებთ. ამჟამად, აქციების 70 პროცენტი ანზორ ქოქოლაძეს ეკუთვნის ხოლო "თიბისი" ბანკი აქციების 55 პროცენტის მართვის უფლებით ყველანაირი გზებით ცდილობს დაისაკუთროს კომპანია, მაგრამ ამის უფლებას არ მივცემთ. სასამართლო პროცესები დიდხანს გრძელდება ხოლმე, ამიტომ, სანამ სამართლიანობა იზეიმებს, ჩვენ ბიზნესის რამდენიმე მიმართულების ჩამოყალიბება გადავწყვიტეთ", - განაცხადა მან.
მისი თქმით, "ტექნო ბუმმა" ქსელის გახსნა სწორედ ცნობილი ბრენდების სასაქონლო კრედიტებით შეძლო, ამასთან, იგი ითანამშრომლებს კომერციულ ბანკებთანაც, გარდა "თიბისი" ბანკისა.
აღსანიშნავია ის, რომ "ტექნო ბუმის" მუშოაბაში "ელიტ ელექტონიქსის" ყოფილი გენერალური დირექტორი ანზორ ქოქოლაძე ჩართული არ არის. ის კომპანია "ჯეო ჯგუფს" ხელმძღვანელობს და "ელიტ ელექტონიქსის" დასაბრუნებლად იბრძვის.