სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით თბილისის ახალ სპორტის სასახლეში საქველმოქმედო მატჩი გაიმართა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის, აკაკი დევაძის მხარდასაჭერად.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აკაკი დევაძეს ღვიძლზე გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება და რადგან ოპერაცია თურქეთში უნდა გაკეთდეს, მკურნალობა სოლიდურ თანხასთანაა დაკავშირებული. ვეტერანი მოთამაშის დასახმარებლად საქართველოს ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში. თანხის ჩარიცხვა ყველა მსურველს შეუძლია:
საქართველოს ბანკის კოდი: BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE52BG0000000692294500; მიმღები: აკაკი დევაძე.
დღევანდელ თამაშში საქართველოს ნაკრების ექს-ფეხბურთელების და ვეტერანი დინამოელების გარდა მსახიობები, სპორტული ჟურნალისტები, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და მოქმედი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ხაზგასასმელია, რომ აკაკი დევაძის სამკურნალოდ დახმარება გაიღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ, ასევე ძიუდოს, კალათბურთის, ხელბურთის, ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
აკაკი დევაძე დღემდე ერთადერთი მეკარეა, რომელმაც საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა. ეს 1995 წელს მოხდა, როცა იმხანად რუსეთის „როსტსელმაშის“ მოთამაშემ გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვაში გაიმარჯვა.
აკაკი დევაძემ ეროვნულ გუნდში ოცჯერ ითამაშა. პირველად 1992 წლის 2 სექტემბერს, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ, უკანასკნელად კი 2005 წლის 30 მარტს, თურქეთთან.