სეპარატისტული აფხაზეთი მიმდინარე წლის საკურორტო სეზონზე 700 ათასამდე მხოლოდ რუს დამსვენებელს ელის და ამდენივე ექსკურსანტს მეზობელი კრასნოდარის მხარიდან. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ბარციცმა გააკეთა.
მისივე თქმით, ამგვარი ოპტიმისტური პროგნოზის გასაკეთებლად ყველანაირი საფუძველი არსებობს.
"გასული წლიდან აფხაზეთში როგორც იქნა მშვიდობა დამყარდა და რუსეთის მოქალაქეებმა ეს დააფასეს კიდეც: გასული წლის საკურორტო სეზონზე 2008 წელთან შედარებით დამსვენებელთა ნაკადმა 20 % მოიმატა", _ აცხადებს ბარციცი.
აღნიშნული კომიტეტის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს სეპარატისტულ აფხაზეთში 600 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ მოინახულა, ამდენივე ექსკურსანტი ჩამოვიდა კრასნოდარის მხარიდან.
ბარციცი ასევე აცხადებს, რომ ფასები სეპარატისტულ აფხაზეთში შარშანდელ დონეზე დარჩა. მისი ინფორმაციით, აფხაზეთში ამჟამად 70 სასტუმრო, ტურბაზა და პანსიონატი მუშაობს.
"მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში აფხაზეთში 10 მსხვილი ობიექტი გაჩნდა. 15 მაისს კი გაგრაში პანსიონატი "ლაზურნი ბერეგი" გაიხსნა", _ აცხადებს ბარციცი.