ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვის რიგით მეორე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. თინათინ ხიდაშელმა გამოწვევებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე საქართველოში რეზერვის არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა იყოს მაქსიმალურად მობილური, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისი, მაღალი საბრძოლო მზადყოფნით, რათა თავდაცვითი ოპერაციები წარმატებულად აწარმოოს. „საქართველოს ბევრნაირი გამოცდილება აქვს. ჩვენი ამოცანა იყო თავი მოგვეყარა რაც შეიძლება მაქსიმალურად ყველა გამოცდილებისთვის, ერთ მაგიდასთან დაგვესვა ყველა ის ადამიანი, რომელსაც რაიმე ეტაპზე შეიარაღებული ძალების განვითარებაში მონაწილეობა მიუღია. თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კონცეპტუალური წინადადებების პაკეტი, თუ როგორი შეიძლება იყოს რეზერვი. ჩამოვყალიბდით, რომ რაიმე ერთი ტიპის რეზერვი საქართველოსთვის არ იქნება სწორი. ვითარების, საფრთხეებისა და გამოწვევების მიხედვით, მიდგომა უნდა იყოს დივერსიფიცირებული. ამჟამად, ჩვენ ვსაუბრობთ სამ ძირითად მიმართულებაზე, რათა ქვეყანაში განვითარდეს, ერთის მხრივ, არმიის რეზერვი ანუ დიდი, სამობილიზაციო, რომელიც საომარი მოქმედებების დროსაა საჭირო, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალური რეზერვი,“ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
რეზერვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვაში მონაწილეობდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად პროექტის განხილვაში სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან ერთად კონცეფციის პირველადი პროექტი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში რამდენიმე კვირის წინ განიხილეს. ამ ხნის განმავლობაში კი მათ საკუთარი მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის საშუალება ჰქონდათ.
კონცეფციის პროექტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მთავარი ამოცანა ომის, კრიზისებისა და მშვიდობიანობის დროს ძირითადი ძალების მხარდაჭერაა. სამუშაო ვერსიაში ასევე გაწერილია რეზერვის სამი კატეგორია - არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი.
კონცეფციის სამუშაო ვერსია მოიცავს დაგეგმვისა და მართვის მოქნილ, სპეციფიკურ მექანიზმებს, რომელიც რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებითაა შემუშავებული. პროექტი სრულიად აუთენტურია, თუმცა, მოიცავს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC) გამოცდილებას.
„ჩვენი ამოცანაა ზაფხულის ბოლოს - სექტემბრისთვის საქართველოს აბსოლუტურად დასრულებული ვარიანტი შევთავაზოთ, მათ შორის ჩატარებული პირველი ფაზის ჩათვლით. ჩვენი გეგმაა, კონცეფცია მაისის ბოლოს დავასრულოთ. მაისის ბოლოს გვექნება დიდი ღონისძიება, სადაც ნატოს რეზერვის ოფიცრებიც ჩამოვლენ. მათთან და ქართველ ექსპერტებთან ერთად დოკუმენტს საბოლოო სახეს მივცემთ, რომელსაც ივნისში გამოვაქვეყნებთ. ზაფხულში ვგეგმავთ პირველი ექსპერიმენტული ფაზის გაკეთებას. სექტემბრიდან უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თემა დახურულია, დისკუსიები დამთავრებულია და რეალურ მოქმედებაზე გადავდივართ,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე გეგმავს კონცეფციის პროექტის პრეზენტაციასა და შეხვედრებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან, ვეტერანებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, ბიზნესასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.