უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 მაისის დილით განაცხადა, რომ კრემლის მიერ გამოცხადებული ე.წ. „ზავის“ მიუხედავად, რუსული ძალები ფრონტზე შეტევებსა და დაბომბვებს აგრძელებენ და უკრაინას დრონებით მასობრივად უტევენ.
„გასული ღამის განმავლობაში რუსულ არმიას უკრაინულ პოზიციებზე შეტევები არ შეუწყვიტია. დილის 7 საათისთვის უკვე დაფიქსირებული იყო ფრონტზე 140-ზე მეტი დაბომბვა. რუსებმა ღამით 10 შტურმი განახორციელეს, ყველაზე მეტი კი სლავიანსკის მიმართულებით. ასევე განხორციელდა 850-ზე მეტი დარტყმა სხვადასხვა ტიპის დრონებით - FPV-ებით, „ლანცეტებით“ და სხვა უპილოტოებით. გამოყენებული იყო დამრტყმელი დრონებიც. ფრომტისპირა დასახლებების ცაზე კი სადაზვერვო დრონების ფრენა არ შეწყვეტილა,“ - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეალური მცდელობაც კი არ ყოფილა.
„როგორც წინა დღეებში, უკრაინა ახლაც სარკისებურად იმოქმედებს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს პოზიციებს და ჩვენი ხალხის სიცოცხლეს. რუსეთმა ეს ომი უნდა დაასრულოს და ყველა ამას მაშინ იგრძნობს, როდესაც მშვიდობისკენ რეალური ნაბიჯები გადაიდგმება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
7 მაისის საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8-დან 10 მაისამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. თუმცა პარალელურად მოსკოვმა გააფრთხილა, რომ თუ უკრაინა სამხედრო აღლუმის პერიოდში ამ რეჟიმს დაარღვევს, კიევის ცენტრზე დარტყმებს მიიტანს.