სამმა მსოფლიო დონის ამერიკულმა გამანადგურებელმა წარმატებით გაიარა ჰორმუზის სრუტე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"სამმა მსოფლიო დონის ამერიკულმა გამანადგურებელმა ახლახან ძალიან წარმატებით გაიარა ჰორმუზის სრუტე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს. ამ სამ გამანადგურებელს დაზიანება არ მიუღია, თუმცა ირანელ თავდამსხმელებს მძიმე ზიანი მიადგათ. ისინი სრულად განადგურდნენ, ისევე როგორც მრავალი მცირე კატარღა, რომლებსაც ირანი თავისი პრაქტიკულად განადგურებული სამხედრო-საზღვაო ძალების ნაცვლად იყენებს. ეს კატარღები სწრაფად და ეფექტურად ჩაიძირა.
ჩვენი გამანადგურებლების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, თუმცა ისინი მარტივად იქნა ჩამოგდებული. ასევე გამოჩნდა დრონები, რომლებიც ჰაერშივე გაანადგურეს. ისინი საოცრად „ლამაზად“ ეშვებოდნენ ოკეანეში, თითქოს პეპლები საკუთარ საფლავში ეფლობოდნენ.
ნორმალური ქვეყანა ამ გამანადგურებლებს მშვიდად გაატარებდა, მაგრამ ირანი ნორმალური ქვეყანა არ არის. მას შეშლილები მართავენ და შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ბირთვულ იარაღსაც უყოყმანოდ გამოიყენებდნენ. თუმცა ისინი ამ შესაძლებლობას ვერასდროს მიიღებენ. და როგორც დღეს კიდევ ერთხელ გავანადგურეთ ისინი, მომავალშიც ბევრად უფრო ძლიერად და სასტიკად დავარტყამთ, თუ შეთანხმებას სწრაფად არ მოაწერენ ხელს.
ჩვენი სამი გამანადგურებელი თავისი შესანიშნავი ეკიპაჟებით ახლა კვლავ შეუერთდება ჩვენს საზღვაო ბლოკადას, რომელიც ნამდვილი „ფოლადის კედელია“, - წერს ტრამპი.