დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი კონსტანტინე მგელაძე ცაგერის რაიონში, მდინარე ცხენისწყალზე, სოფლების ცაგერისა და ლასურიაშის დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელის გახსნას დაესწრებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მდინარე ცხენისწყალზე ახალი ხუთმალიანი ხიდი აშენდა, რომელზეც ტროტუარები (თითო ერთ მეტრიანი), სარეგულაციო ნაგებობები და გაბიონები მოეწყო, ასევე ახალი მოაჯირები გაკეთდა. ხიდის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მისასვლელთან დამონტაჟდა თვალამრიდი ძელები, მოეწყო საგზაო ნიშნები და შესრულდა სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. ხიდის საერთო სიგრძე 105 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 3,5 მეტრი.
სამუშაოების ღირებულებამ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 1 მლნ 117 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. "ხიდმშენმა".
ხიდის არარსებობის გამო, ცაგერის რაიონის სოფლებს შორის საავტომობილო მიმოსვლა შემოვლითი გზით ხორციელდებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას ავტოტრანსპორტით 20 კმ-მდე მანძილის გავლა უხდებოდა.