თიბისი გალერეამ ორი ახალგაზრდა დიზაინერის ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაციას უმასპინძლა.
სოფიო სოროზნიშვილისა და ნუცა ხიზანიშვილის მიერ შექმნილი ბრენდის „Integral“-ის კოლექცია ათმა არტისტმა ორიგინალური პერფორმანსის სახით წარმოადგინა, რომელიც ხის კონსტრუქციასა და თაბაშირისგან შესრულებულ სკულპტურებს აერთიანებდა. ქანდაკებები განასახიერებდნენ პერსონაჟებს, რომელთა ვიზუალი დროსა და სივრცეში მუდმივად იცვლება. ახალგაზრდა დიზაინერების გამოფენის კონცეფციაც ესაა - ადამიანი, რომელიც დროსა და სივრცეში ცვალებადია და მას პერიოდულად სხვადასხვა „როლის“ მორგება უწევს.
გამოფენის მსვლელობისას დამთვალიერებლებმა კოლექციის კონცეფციაზე შექმნილი ფილმიც იხილეს, რომლის რეჟისორები კატალინა ბაქრაძე, ანა სარუხანოვა, ხოლო ოპერატორი-ლევან მაისურაძე არიან.
პრეზენტაციაზე დამთავლიერებელს ვიდეო-არტის სახით წარმოდგენილი გოგლიკო ფიფიას ფოტოსესიისა და ახალგაზრდა ხელოვანის თინა მაყაშვილის მიერ შექმნილ ვიდეო-არტის ნახვაც შეეძლო.
„Integral“-ის გამოფენა ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომელსაც თიბისი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. გალერეა რეგულარულად ეთმობა ახალგაზრდა, ნიჭიერ ხელოვანებს სხვადასხვა სფეროდან, რათა მათთვის ხელმისაწვდომი იყოს საჯარო სივრცე, სადაც ისინი საკუთარ შემოქმედებას ფართო საზოგადოებას წარუდგენენ.
გამოფენას თიბისი გალერეა ერთი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.