მერიის პროექტ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მეორე ეტაპში გამარჯვებული კომპანიები კვირის ბოლომდე გამოვლინდებიან.
ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა და "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ დღეს, სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანია "მე-5 თაობაში" სტუმრობისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ "მე-5 თაობამ" მუშაობა სწორედ მერიის ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული შეკვეთების შედეგად აღადგინა. კომპანია "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მეორე ეტაპშიც აპირებს ჩართვას და აღნიშნულის საფუძველზე წარმოების გაფართოებასა და დამატებით 35 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.
ამჯერად საწარმოში 15 ადამიანი მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" სამუშაო ადგილების შექმნას, ძველი უბნების რეაბილიტაციას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ეკონომიკის სტიმულირებას ემსახურება.