კონტროლის პალატა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაში არსებულ ნაკლოვანენებზე საუბრობს.
როგორც გასული სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, კონტროლის პალატის დასკვნაშია აღნიშნული, მხარჯავი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების მისაღწევად განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შედეგების აღწერის თვასაზრისით, სრულად არ არის დაცული "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 56-ე მუხლის "თ" პუნქტის მოთხოვნა.
აღნიშნული პუნქტის თანახმად, ანგარიშში მოცემული უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების თაობაზე მხარჯავი დაწესებულებების მიერ წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების და მის მისაღწევად განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შედეგების მიხედვით.
ამასთან, ანგარიშში არ არის აღწერილი შესაბამისი მხარჯავი დაწესებულების ყველა აქტივობა პრიორიტეტების მიხედვით. ინფორმაციები ზოგადია.
"სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მხარჯავი დაწესებულების მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების რაოდენობა ზოგჯერ რამდენიმე ათეულს აღწევს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაში არსებული ნაკლოვანებებზე მეტყველებს ისიც, რომ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ საკუთარი ფინანსური რესურსების პირობებში, სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად, დამატებით მოითხოვა და მიიღო თანხა პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან", - აღნიშნულია კონტროლის პალატის დასკვნაში.