ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო" უნივერსიტეტის სტუდენტები სოჭის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებენ. "უნივერსიტეტის" პრორექტორის ირინა ცხოვრებოვას ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან სტუდენტები სოჭში უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან.
"ამ პროცესში რუსეთის სტუდენტების პროფკავშირების "ახალგაზრდული კავშირის" თავმჯდომარე ალექსეი კაზაკი დაგვეხმარა. ამჟამად ჯგუფის შეგროვების პროცესი მიმდინარეობს. მსურველები ბევრნი არიან", _ აცხადებს ცხოვრებოვა.
ამას გარდა, მისივე თქმით, ზაფხულის განმავლობაში სოჭში ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან სტუდენტების კიდევ ორი ჯგუფი გაემგზავრება.
"ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენს სტუდენტებს ექნებათ საშუალება რუსეთის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს გაეცნონ, რომლებიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას მშენებლობაში", _ აცხადებს ცხოვრებოვა.