სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილი 5 სიმღერის პრეზენტაცია პირველი არხის გადაცემაში „კომუნიკატორი" დღეს შედგება.
2016 წლის ევროვიზიისთვის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, საბოლოოდ ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფმა ალტერნატიული ინდი როკის ჟანრში შექმნილი ხუთი კომპოზიცია შეარჩია.
ხუთივე სიმღერას დღეს „კომუნიკატორში" ნიკა კოჩაროვი წარადგენს. გადაცემის დასრულების შემდეგ მაყურებელს ხუთივე სიმღერის სრული სახით მოსმენის და ხმის მიცემის საშუალება ექნება.
ხვალიდან პირველი არხის ეთერში სიმღერები დღის განმავლობაში იტრიალებს, თითეულს მინიჭებული ექნება სპეციალური ნომერი, სტაციონალური ტელეფონიდან ზარის განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა უფასო იქნება. ხუთივე სიმღერის ერთად ხილვა შესაძლებელი იქნება ყოველდღე „კომუნიკატორის" დასრულების შემდეგ.
ასევე სიმღერები განთავსდება ინტერნეტ სივრცეშიც სადაც ხმის მიცემის საშუალება ყველა მსურველს ექნება.
თუ რომელი სიმღერით წარსდგება ნიკა კოჩაროვი & YOUNG GEORGIAN LOLITAZ ევროვიზიის 61-ე კონკურსზე ცნობილი15 თებერვალს „კომუნიკატორის"ეთერში გახდება.
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსის ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.
ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 12 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში, იმღერებენ.