31 იანვარს, 18:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ღვაწლმოსილი ქართველი საოპერო მომღერლის მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. საპრემიერო სპექტაკლი „აბესალომ და ეთერი“ სწორედ ცნობილ სოპრანოს მიეძღვნება.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ 30 იანვარს, სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნა. ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია; მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს შეასრულებენ ცნობილი ქართველი მომღერლები - არმაზ დარაშვილი და ხათუნა ჭოხონელიძე. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები - ნიკოლოზ ლაგვილავა, ირინა ალექსიძე, გოჩა დათუსანი, ნინო ჩაჩუა, მანანა იორდანიშვილი, თამაზ საგინაძე, გია მახარაძე; დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი;
სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის“ მიერ არის შეკერილი.
„აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 2 და 21 თებერვალს.
მედეა ამირანაშვილი
სახალხო არტისტმა მედეა ამირანაშვილმა 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ს. ინაშვილის კლასი). იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს "ფაუსტი"), რის შემდეგაც წლების განმავლობაში იყო თეატრის წამყვანი სოლისტი; ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის "დაისი" და "აბესალომ და ეთერი"), მზია (თაქთაქიშვილის "მინდია"), ლელა (ლაღიძის "ლელა"), ტატიანა (ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ზემფირა (რახმანინოვის "ალეკო"), ბატერფლაი (საერტაშორისო პრემია, ტოკიო, 1970), მიმი (პუჩინის "ჩიოჩიოსანი" და "ბოჰემა"), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის "ტრუბადური" და "ტრავიატა"), ელზა (რ. გაგნერის "ლოენგრინი") და სხვა.