ჰააგის პროკურორი ფატუ ბენსუდა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის მოვლენების გამოძიებაზე სანქცია გასცა. მისი თქმით, გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარდება და ის სხვადასხვა წყაროების მიერ მიღებულ მტკიცებულებებით იქნება გამყარებული. ბენსუდას განმარტებით, გამოძიება აგვისტოს კონფლიქტის მონაწილე სამივე მხარის მიერ ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებს შეეხება. მიმართვაში პროკურორი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აგვისტოს მოვლენების გამოძიება ქართულმა მხარემ მარტში გაურკვეველი ვადით შეწყვიტა, რუსეთში კი გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა. ბენსუდა ასევე არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების დაპატიმრება ან მათი სასამართლოში დაბარება მოითხოვოს.