28 იანვარს, 17:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულის ფარგლებში, ჯანსურ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება თეატრის შენობის ამსახველი ფოტომასალა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოპერისა და ბალეტის თეატრში დაცული საარქივო ფოტომასალა, ასევე, ფოტოგრაფების - ბესო გულაშვილის, გიორგი კაკულიასა და ნინო ალავიძის (www.agenda.ge) ნამუშევრები.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხელ გიორგაძე, ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი, ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
______
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დაიწყო (პროექტის მთავარი არქიტექტორი – ლერი მეძმარიაშვილი). პროექტი ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები, მათ შორის: გამაგრდა ფუნდამენტი, სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა, განახლდა და ამავდროულად, პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს; სრულიად შეიცვალა სცენის ზედა - ქვედა მექანიზაცია; გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები; სრულიად შეიცვალა შიდა და გარე ქსელები; რესტავრირება გაუკეთდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზი; თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით (მათ შორისაა ორი დიდი საკონცერტო სტეინვეის როიალი); სრული რესტავრაცია ჩაუტარდა დარბაზში მაყურებელთა სკამებს; რესტავრაცია ჩაუტარდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით ავსტრიაში დამზადებულ 100 ნათურიან ბროლის ჭაღს; თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით; გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი (მოეწყო მცირე სცენა და საორკესტრო ადგილი); თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე. მსახიობებისთვის გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, ანტრაქტების დროს დასასვენებელი დარბაზი, თანამშრომლებისათვის აშენდა სასადილო; გაფართოვდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეატრის მიმდებარე სკვერს.
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, შეძენილია „პანასონიკის“ ფირმის 2 მძლავრი პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას. ავსტრიულმა ფირმა „ვაგნერმა“ და სერბეთის ფირმამ „სვეტლიოსტმა“ დაამონტაჟა თანამედროვე პროჟექტორები განათებისათვის, გერმანულმა ფირმა „ზალცბრენერმა“ თეატრი გახმოვანების უახლესი აპარატურით აღჭურვა. დღეს უკვე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას აქვს ისეთი ტექნიკური შესაძლებლობები, რომლითაც არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო დონის საუკეთესო ოპერებს.
სარემონტო სამუშაოები 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა - ამ პროცესში ჩართული იყო „ქართუ ჯგუფის“ ასეულობით თანამშრომელი. ჯამურად, სულ ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში „გერიეცი“ სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით, დაიბეჭდა თეატრის ფარდა.
ოპერის თეატრი 30 იანვარს სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება. ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია; მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველიმომღერლები- ლადო ათანელი და თამარ ივერი,რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები - თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის“ მიერ არის შეკერილი. „აბესალომ და ეთერის“ პრემიერები 30, 31 იანვარს და 2, 21 თებერვალს გაიმართება.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, ოპერის განახლებულ შენობაში, პირველ საბალეტო პრემიერას-დავით თორაძის „გორდას“2016 წლის 12 თებერვალს წარმოადგენს. „გორდას“ აღდგენის ინიციატივას საბალეტო დასის ხელმძღვანელს ნინოანანიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიისა და ლიბრეტოს ავტორია. დადგმაზე საბალეტო დასის მთელი კოლექტივი მუშაობდა. „გორდას“ დეკორაციები მხატვარ დავით მონავარდისაშვილს ეკუთვნის, კოსტიუმები კი - ანა კალატოზიშვილს. ბალეტის მუსიკალური ხელმძღვანელია დირიჟორი რევაზ ტაკიძე.
პრემიერა 2016 წლის 12, 13 და 14 თებერვალს განახლებულ თეატრში გაიმართება. ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი„გორდა“ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. 1996 წელს „გორდა“ ბალეტმეისტერისა და ქორეოგრაფის ზურაბ კიკალეიშვილის მიერ აღდგა. „გორდა“ თეატრის რეპერტუარში ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი.
გახსნის კვირეული
28 იანვარი - 18:00 საათი - გენერალური რეპეტიცია ოპერაში - მედიისთვის;
29 იანვარი - 11:00 საათი- მედიატური ოპერაში;
30 იანვარი - ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნა;
31 იანვარი - მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავის გახსნა; „აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო ჩვენება
ეძღვნება მედეა ამირანაშვილს.
2 თებერვალი - „აბესალომ და ეთერი“ საპრემიერო ჩვენება