კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ იქნება. შესაბამისი განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, რომ კახა ცხადაძეს კონტრაქტის ახალი პირობები შესთავაზა - კახა ცხადაძე ანაზღაურების სახით ფიქსირებულად ხელფასის 50%-ს მიიღებდა, ხოლო დარჩენილ თანხას კი იგი წარმატების შემთხვევაში ბონუსური სისტემით აიღებდა.
კობიაშვილის განმარტებით, ამ შეთავაზების შემდეგ ცხადაძემ მასთან ამის შემდეგ კონტაქტი შეწყვიტა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
კობიაშვილმა ცხადაძე 3 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნებით უკმაყოფილო ადამიანების აყოლაში დაადანაშაულა და არსებული ვითარება ამ პროცესის გაგრძელებად შეაფასა.
„ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება”, - განაცხადა კობიაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ცხადაძისთვის კონტრაქტის შეწყვეტის იურიდიული ნორმების დასაცავად აღმასკომს მიმართავს.
“დღეს მე განვაცხადებ საბოლოოდ, ჩემთვის წარმოუდგენელია, დღევანდელი მდგომარეობით, შეუძლებელია შეინარჩუნოს ეს პოზიცია. ჩემთვის ეს თემა ამოწურულია. დავიცავ იურიდიულ ფორმას და აღმასკომს მოვიწვევ, სადაც შევალ ინიციატივით, რომ ცხადაძე აღარ იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი”, – განაცხადა კობიაშვილმა.