სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 62-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ინციდეტები განიხილეს. მათ, ასევე, იმსჯელეს ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო დასკვნის საკითხზე.
ქართულმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე დააყენა ტირიფონის არხის გაწმენდისა და ამოქმედების საკითხი და შეხვედრის მონაწილეებს არხის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პასუხად ოსურმა მხარემ დააფიქსირა მზაობა, ტექნიკური მონაცემების შესწავლისა და გაცვლის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გაგრძელდეს.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დაგმო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში გასული წლის 27 დეკემბერს რუსული უპილოტო საფრენი აპარატის შემოჭრის ფაქტი. ასევე, განხილული იყო გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლებისა და შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები.
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნი - 63-ე შეხვედრა 24 თებერვალს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.