14 იანვარი ქართული თეატრის დღეა; დღეს, 17:30 საათზე, ჭიათურის თეატრის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ფოტოები, კოსტიუმები და სხვადასხვა მუზეუმში დაცული საარქივო მასალა; ჭიათურის თეატრის დასი წარმოადგენს დადგმას, რომელიც თეატრის ისტორიას ასახავს.
დაგეგმილია 2015 წლის ქართული თეატრის საერთაშორისო თუ ადგილობრივი წარმატებების მიმოხილვა და პრეზენტაცია. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართება დაჯილდოების ცერემონია; გაიცემა 18 პრემია, მათ შორის სახელობითი პრემიები განსაკუთრებული ღვაწლისთვის (სანდრო ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, პეტრე ოცხელის, ასევე სპეციალური პრიზი) და ყოველწლიური ჯილდოები წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის, მსახიობებისთვის, რეჟისურისთვის და ა.შ.
დაჯილდოების ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებენ ქართული ესტრადის და თეატრის წარმომადგენლები, რომლებიც შეასრულებენ სიმღერებს სხვადასხვა ცნობილი ქართული სპექტაკლიდან. ღონისძიებაში მონაწილეობენ: მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ანრი ჯოხაძე, გიორგი სუხიტაშვილი, მაკა ზამბახიძე, თეატრის მსახიობები და ოპერის მომღერლები.
ღონისძიების დასასრულს, თეატრის ტერიტორიაზე ჭიათურის თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობის როდერ ჩაჩანიძის ვარსკვლავი გაიხსნება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მასშტაბურ ღონისძიებას მართავს. ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი, კახი კანდელაკი და გიორგი ბაქრაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონული თეატრების წარმომადგენლები დაესწრებიან.