თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოპერის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა და საბალეტო დასის ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა იმ პრემიერების შესახებ ისაუბრეს, რომლითაც ოპერის გახსნის საზეიმო ცერემონია იგეგმება.
თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დაიწყო (არქიტექტორი – ლერი მეძმარიაშვილი). საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით გერმანულ კომპანიაში „გერიეცი“ სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით თეატრის ფარდა დაიბეჭდა, დამზადა ეკრანები, რეეკრანები და სცენის ჩაცმულობის სხვადასხვა აქსესუარი. „გერიეცმა“ შეიძინა „პანასონიკის“ ფირმის 2 მძლავრი პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას. ავსტრიულმა ფირმა „ვაგნერმა“ და სერბეთის „სვეტლიოსტმა“ დაამონტაჟეს თანამედროვე პროჟექტორები განათებისათვის, გერმანულმა ფირმა „ზალცბრენერმა“ თეატრი გახმოვანების უახლესი აპარატურით აღჭურვა.
ოპერის თეატრი 30 იანვარს სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება. ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია; მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები - ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები - თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის“ მიერ არის შეკერილი. „აბესალომ და ეთერის“ პრემიერები 30, 31 იანვარს და 2, 21 თებერვალს გაიმართება.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, ოპერის განახლებულ შენობაში, პირველ საბალეტო პრემიერას - დავით თორაძის „გორდას“ 2016 წლის 12 თებერვალს წარმოადგენს. „გორდას“ აღდგენის ინიციატივა საბალეტო დასის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიისა და ლიბრეტოს ავტორია. დადგმაზე საბალეტო დასის მთელი კოლექტივი მუშაობდა. „გორდას“ დეკორაციები მხატვარ დავით მონავარდისაშვილს ეკუთვნის, კოსტიუმები კი - ანა კალატოზიშვილს. ბალეტის მუსიკალური ხელმძღვანელია დირიჟორი რევაზ ტაკიძე.
პრემიერა 2016 წლის 12, 13 და 14 თებერვალს განახლებულ თეატრში გაიმართება.
ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი „გორდა“ ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. 1996 წელს „გორდა“ ბალეტმეისტერისა და ქორეოგრაფის ზურაბ კიკალეიშვილის მიერ აღდგა. „გორდა“ თეატრის რეპერტუარში ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი.
სარემონტო სამუშაოების შედეგად გამაგრდა ფუნდამენტი, სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა, განახლდა თეატრის ინტერიერის მოხატულობა, სცენის მექანიზმი, თეატრის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, გადიდდა საორკესტრო ორმო, გადაკეთდა ჯ. კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი (გაკეთდა მცირე სცენა და საორკესტრო ადგილი). გაიწმინდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით ავსტრიაში დამზადებული 100-ნათურიანი ბროლის ჭაღი, თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე. მსახიობებისათვის გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, ანტრაქტების დროს დასასვენებელი დაბაზი, თანამშრომლებისათვის აშენდა სასადილო, შეძენილია ახალი ავეჯი, ტექნიკა, ორკესტრისათვის - ახალი ინსტრუმენტები. გადიდდა თეატრის მიმდებარე სკვერი, სადაც დაკრძალული არიან კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, ქართველი ტენორები: ვანო სარაჯიშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე და დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი.