ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და პირველ იანვარს, დეფაქტო საზღვარი ჩაიკეტება.
ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ედუარდ ჯაბიევმა დეფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან გამართულ თათბირზე განაცხადა,
რომელმაც თავის მხრივ სადღესასწაულო დღეებში უსაფრთხოებისა და წერსრიგის დაცვის გეგმას მოაწერა ხელი.
,,31 დეკემბრიდან პირველ იანვრამდე, 09:00-დან 21:00-მდე, საზღვრის დროებითი გადაკვეთის ადგილებში მოქალაქეების გატარება არ განხორციელდება“, - განაცხადა ჯაბიევმა.
თიბილოვმა კი აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზომა დღესასწაულების პერიოდში აუცილებელია და გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
„მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება კვლავ მძიმეა. რუსეთი გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებისთვის საჭირო ზომებს კვლავ იღებს და ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" წარმატებულ ბრძოლას ახორციელებს. ჩვენი რესპუბლიკის უშიშროების სამსახურები მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იმყოფებიან", - აღნიშნა თიბილოვმა.