აფხაზური მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობას აცხადებს. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ სოხუმში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან გამართული კონსულტაციების დროს გააკეთა.
"აფხაზეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ, მეთერთმეტე რაუნდში, რომელიც 8 ივნისს გაიმართება", _ განაცხადა ღვინჯიამ.
მისი თქმით, აფხაზეთს მოლაპარაკებებზე თავისი წინადადებები ექნება. კერძოდ, სეპარატისტები უკმაყოფილონი არიან დოკუმენტებში არსებულ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით.
"ყოველივე ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ვაცნობეთ და ამ საკითხების განხილვას საერთაშორისო დისკუსიებზე გავაგრძელებთ", _ განაცხადა ღვინჯიამ.