საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შოთა რუსთაველის 850-ე, საიუბილეო წლისთავის სათანადოდ აღსანიშნავად, სახელმწიფო კომისია შეიქმნება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, იუბილე მაღალ დონეზე აღინიშნოს.
ამასთან, 2016 წელს საქართველო, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ზეიმობს. პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებებიც სახელმწიფო კომისიის დონეზე დაიგეგმება, რომლის შემადგენლობაში, სამთავრობო უწყებებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იქნება ჩართული. ღონისძიებებზე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს მოიწვევენ.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა გააქტიურება დიასპორის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრი ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას ქართველთა კონგრესის ჩატარების შესახებ, რომელშიც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას. ქართველთა კონგრესის ჩატარება დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება.