საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისანში, 5 დეკემბრის ქუჩაზე, საცურაო აუზი "ოლიმპიკი" გახსნა. როგორც პრეზიდენტმა გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, აუზი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ზოგიერთი ბავშვი უფასოდაც შეძლებს შესვლას.
"ჩემი ოცნებაა, ყველა მიკრორაიონში, ყველა დასახლებაში ასეთი ტიპის საცურაო აუზი გაიხსნას, მაგრამ ის, რომ ვმუშაობთ ამაზე თბილისში, სხვა ქალაქებსა და რეგიონში, წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არ არის მხოლოდ სპორტული პროექტი, ეს არის სოციალური პროექტი. ამ გზაზე უწევდა გავლა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსულ ყველა მოქალაქეს და ისინი უყურებდნენ ნაგვის ხროვას, ჩამონგრეულ სახლებს და ამ შენობის ჩონჩხს. ახლა კი აქ განთავსდა დიდი საცურაო აუზი", - განცხადა სააკაშვილმა აუზის გახსნაზე.
სააკაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საცურაო აუზთან რაგბის მოედანი გაიხსნება და მოსკოვის პროსპექტზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სპორტული ცენტრი აშენდება. საცურაო აუზის გახსნაზე პრეზიდენტმა წყალბურთის ნაკრების წევრ ნოდარ რაფავასგან 5-ნომრიანი ქუდი მიიღო საჩუქრად.
პრეზიდენტმა გიგი უგულავას მებაღეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ "დღეს დილიდან "მებაღე" გიგი უგულავა ქალაქის გამწვანებაზე მუშაობს.
"როგორც ჩანს აქაც იმუშავა უგულავამ და კარგი ბაღი გააშენა", _ განაცხადა მან.