სეპარატისტული აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ "აფხაზეთის ერთიანობის სახალხო ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას ბაღაფშის ე.წ. ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "აფხაზეთში ამჟამად შექმნილი სიტუაცია და ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ოპოზიციის შესაბამის რეაქციას" საჭიროებს.
მისივე თქმით, "გასული ხუთი წელი გახდა გაკვეთილი იმისა, რომ აფხაზური საზოგადოების გათიშვა არის ყველაზე საშიში და დესტრუქციული გზა. ხელისუფლება ყველა თავისი ქმედებით ადასტურებს, რომ მას არ შეუძლია საზოგადოების კონსოლიდირება და გონიერი საკადრო პოლიტიკის წარმოება".
"ხელისუფლების მიერ გადაჭრილი საკითხები ძალიან შორია უმრავლესობის ინტერესებისაგან და არ პასუხობენ ხალხის მოთხოვნებს. ამიტომაც მათ შეუძლიათ სიტუაცია ქვეყნის შიგნით კონფლიქტამდე მიიყვანონ", _ აცხადებს ხაჯიმბა.
ხაჯიმბა ასევე აცხადებს, რომ "ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან დუმილი ჩამოწვა. ყოველივე ეს დაკავშირებულია პროცესების გააზრებასთან და ყოველივეს გადაფასებასთან, როგორც პოლიტიკაში ისე საზოგადოებაში". ამასთან ერთად რაულ ხაჯიმბა ასევე აცხადებს, რომ "ოპოზიციის მომხრეთა რიგები იზრდება და ამას ხელს თავად ხელისუფლება უწყობს".
ხაჯიმბა ასვეე აცხადებს, რომ ოპოზიციის ქმედებები მუდმივი ხასიათისა უნდა იყოს და არა ერთჯერადი და ის მხოლოდ არჩევნების წინ არ უნდა აქტიურდებოდეს.
"ჩვენი კურსი რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობაა და ჩვენ მადლობელი ვართ მისი ფინანსური დახმარების გამო, ასევე მადლობას ვიცხადებთ იმისათვის, რომ იგი არ ერევა ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრის საკითხში. ჩვენი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ბიუჯეტი კი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი იმიჯის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული", _ აცხადებს ხაჯიმბა.
მასალის გამოყენების პირობები