ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ოთარ რამიშვილის სიმღერების ჩანაწერების ორიგინალები ეროვნულ არქივში შეინახება.
ოთარ რამიშვილის ვაჟმა მიშა რამიშვილმა არქივს გადასცა 70-90-იან წლებში 12 მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი 160-მდე სიმღერის ორიგინალი ჩანაწერი.
სიმღერებს შორის არის: „ფუტკარი“, „თბილისო“, „ბულბულის სტვენა“, „მითხარ რად ხარ მოწყენილი“, „მარტის თვეა შენი“ და სხვა.
„სამომავლოდ ვაპირებ, მამაჩემის მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა მასალაც ეროვნულ არქივს გადავცე, აქ დოკუმენტებს სათანადო პირობებში ინახავენ და უვლიან“, - განაცხადა მიშა რამიშვილმა.
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის გიორგი კაკაბაძის თქმით, არქივი ის ადგილია, სადაც დოკუმენტების ორიგინალები ინახება და შინაარსთან ერთად, ოთარ რამიშვილის ოჯახის შემოტანილი მასალა ამ მხრივაც მნიშვნელოვანია.
ოთარ რამიშვილის სიმღერის ჩანაწერები, მისი ოჯახის თანხმობით, ხელმისაწვდომი იქნება მკვლევართათვის. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ამ სიმღერებიდან შერჩეული ორი კომპოზიცია არქივის www.soundcloud.com-ის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდება პროექტის „33 1/3 ქართული ესტრადა“ ფარგლებში.