ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, 13 დეკემბერს თბილისის ცირკში ჩატარდება საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უძლიერესი ფალავნები საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, რუმინეთიდან.
ფალავნობასთან დაკავშირებით, 10 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის კითხვებს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა უპასუხეს.
ფალავნობის მთლიანი საპრიზო ფონდია 100 000 ლარი. საქართველოს აბსოლუტური ფალავანი დაჯილდოვდება საცხოვრებელი ბინით (თბილისი, დიღომი) მე-2 ადგილზე გასული სპორტსმენი დაჯილდოვდება ავტომანქანა „მერსედესით", ხოლო მე-3 ადგილოსანი 3000 ლარით.