საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით 15 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში მომღერალ ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტი „ისტორიას დარჩება!“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი „ავტოგრაფი“.
სპეციალურად ამ კონცერტისთვის, ირაკლი ჩარკვიანის ვირტუალური გამოსახულება - ჰოლოგრამა მომზადდა, რაც მაყურებელს მუსიკოსის სცენაზე ნახვის საშუალებას მისცემს, ამის შესახებ ფონდ „ავტოგრაფის“ დამფუძნებელმა გიგა კობალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ კონცერტის მთავარი ინტრიგა გახლავთ ის, რომ საქართველოში პირველად დამზადდა ჰოლოგრამა - 3D გამოსახულება, რომლის საშუალებითაც თავად ირაკლის მიერ საკუთარი ჰიტის შესრულება მოხდება,“ - აღნიშნა კობალაძემ.
კონცერტში მონაწილეობას ქეთათო და გელა ჩარკვიანი მიიღებს, ასევე ნიაზ დიასამიძე, უცნობი, „ვაკის პარკი“ და ბევრი სხვა.