საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის პირველი დღე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო. თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS). საჯარო გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიული განვითარების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტერიალი იყო ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური საქართველოსთან მიმართებაში. აუდიტორიას კი კითხვები, ძირითადად, ნატოში ინტეგრაციის, რუსეთთან ურთიერთობების, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებისა და ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების შესახებ ჰქონდა.
„ამგვარი საჯარო დისკუსიების მთავარი ამოცანაა, გამოვცადოთ ჩვენი არგუმენტები, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული როგორც მიღწევების, ასევე პრობლემებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის წინაშეა. შეგვიძლია ვიამაყოთ რეფორმებით, რომელსაც საქართველო ატარებს და გვინდა, რაც შეიძლება ბევრმა პარტნიორმა იცოდეს ამის შესახებ, რათა ხვალ და ზეგ მათ ეს დისკუსიებში საქართველოს ლობირებისთვის გამოიყენონ. ჩვენი ამოცანაა, ვუპასუხოთ ყველა კითხვას, რაც შეიძლება არსებობდეს აუდიტორიაში, რათა ჩვენს მეგობრებს ჰქონდეთ დამატებითი არგუმენტები და ზუსტად იცოდნენ ფაქტები, რომლებსაც დაეყრდნობიან ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრებისა და მოწინააღმდეგესთან დებატების დროს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ევროპის პროგრამის დირექტორის ჰეზერ კონლის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო: „მოხარულები ვართ, რომ თავდაცვის მინისტრს ვუმასპინძლეთ. ერთი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ საქართველოს შიდა რეფორმებზე, რუსეთის გავლენაზე საქართველოში, რეგიონული უსაფრთხოების დინამიკასა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე ალიანსთან ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე. მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა თუ რა ხდება რეგიონში, რა ურთიერთობები აქვს საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ძალიან საინტერესო პერსპექტივიდან დაანახა ვაშინგტონში შეკრებილ აუდიტორიას თუ რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა და რუსეთის გავლენა საქართველოზე. საინტერესო დისკუსია შედგა და მონაწილეები ძალიან კმაყოფილები არიან მინისტრის გამოსვლით.“
ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის მინისტრი ევრაზიის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის წარმომადგენლებს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენეტ ვოლაკს, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს სტეფენ ჰედლის და ინსტიტუტის პრეზიდენტს ნენსი ლინდბორგს შეხვდა. შეხვედრების ძირითადი თემები იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებული პროგრესი, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგები და საქართველოს გზა მინისტერიალიდან ვარშავის სამიტამდე.