8-9 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს.
როგორც დუნდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების საკითხს დასვამს და აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავს.
"წინა კვირას ხელი მოეწერა მოსკოვსა და სოხუმს შორის დოკუმენტს, რომლითაც მოხდა გაერთიანებული საჯარისო ფორმირების შექმნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული საჯარისო ფორმირება შეიძლება გამოყენებული იყოს არა მარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთის გარეთაც. ეს არის პირდაპირი მუქარა და რეგიონში დესტაბილიზაციის აშკარა ფაქტორი. ჩვენ ძალიან მწვავედ ვაპირებთ ამ საკითხის დაყენებას", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისივე განმარტებით, ქართული მხარე ასევე აპირებს ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გააკეთოს გალის რაიონში მდებარე სკოლებში ქართული ენის აკრძალვაზე, რაც მინისტრის მოადგილის შეფასებით, "დისკრიმინაციას" წარმოადგენს.
"როგორც ცნობილია, გალის უკლებლივ ყველა სკოლაში აიკრძალა ქართული ენის სწავლება. ეს დისკრიმინაციის ახალი ფორმაა, რაზეც ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გავაკეთებთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გარდა აღნიშნულისა, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება კონფლიქტის ზონებში ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე.