ბანკი „რესპუბლიკა“ განაგრძობს თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობას და ფრანგულ-ქართული კულტურული კავშირების გაღრმავებას. ამჯერად, „ბრავო რექორდსთან“ თანამშრომლობით, ბანკმა საკუთარ კლიენტებს და პარტნიორებს სადღესასწაულო სეზონის მუსიკალური სიურპრიზი მოუწყო: პირველად საქართველოში, შაბათს, 5 დეკემბერს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში თანამედროვეობის უდიდესი კომპოზიტორის ვლადიმირ კოსმას ფრანგული კინომუსიკის საღამო გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ჯანლუკა მარჩიანოს ხელმძღვანლობით, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი და ახალგაზრდა ქართველი მომღერლები.
„ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა, რომ სადღესასწაულო სეზონს ფრანგული კინომუსიკის ლეგენდის, ვლადიმირ კოსმას კონცერტით ვხსნით. ჩვენს კლიენტებს ახსოვთ 70-80-იანი წლების ფრანგული ფილმები ჟან-პოლ ბელმონდოს, ალენ დელონის, პიერ რიშარის, ფილიპ ნუარეს, სოფი მარსოს, კატრინ დენევის, ჟერარ დეპარდიეს, ლუი დე ფიუნესის, რობერ ოსეინის და სხვათა მონაწილეობით. სწორედ ამ ფილმებისთვის ქმნიდა მუსიკას ვლადიმირ კოსმა.
საღამო განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ მე-20 საუკუნის მუსიკალურ ნაწარმოებებს ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მომღერლები ახლებურად ასრულებდნენ. ვფიქრობთ, რომ გემოვნებიანი ფრანგული კინომუსიკის ზეიმი დროულია წლის ამ პერიოდში, როცა ჩვენს კლიენტებს საშობაო განწყობა აქვთ, და მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა“ - განაცხადა ბანკ „რესპუბლიკის“ კორპორაციული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თეიკო კანდელაკმა.