13 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს ეწვევიან. ინფორმაციას ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი ავრცელებს.
ჩოჩიევის თქმით, ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს თანათავმჯდომარეები ე. წ. სამხრეთ ოსეთში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის წინ მოსამზადებელი სამუშაოს ჩასატარებლად ჩადიან.
"ძირითადი საკითხი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე დააყენებს _ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება იქნება", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისი თქმით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხარე აუცილებლად სთხოვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარებს, "გააკეთონ კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ აპირებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას".
"იმაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებენ თანათავმჯდომარეები, დამოკიდებული იქნება 8 ივნისს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდის შედეგიანობა", _ აცხადებს ჩოჩიევი და აღნიშნავს, რომ "ფორმალური შეხვედრები არავის არაფერში სჭირდება. ვხედავთ საქართველოს დღევანდელ განწყობას და მიგვაჩნია, რომ ამ დისკუსიებში რადიკალური ცვლილებების შეტანაა საჭირო".
"ჯერჯერობით ეს მოლაპარაკებები უშედეგოა და მათი მთავარი მიზანი საქართველოს პოლიტიკისა და იმ ქვენების დაფარვაა რომლებიც მას აიარაღებენ", _ აცხადებს ჩოჩიევი.