დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კიბერუსაფრთხოების იმიტირებული სავარჯიშოები - “CYBER-EXE საქართველო 2015“ გაიმართა. იმიტირებული სწავლება საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.
სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ეს არის ერთ-ერთი კარგი მცდელობა თუ როგორ უნდა განხორციელდეს ერთობლივი სწავლებები ამ მიმართულებით. აღნიშნულ სფეროში თავდაცვის სამინისტრო უფრო აქტიურად ჩაერთვება და უფრო მეტ ღონისძიებებს ჩავატარებთ. როგორც იცით, კიბერუსაფრთხოების რეზერვის პროექტს თავდაცვის უწყება ახორციელებს, რადგან ასეთ სწავლებებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საჯარო და კომერციული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვას.
გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, დღევანდელი ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში უდიდეს მნიშვნელობას იძენს კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოება.
„ვინც ფლობს კიბერსივრცეს, ის ფლობს ბრძოლის ველს. კიბერსივრცის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ კიბერრეზერვის ჩამოყალიბებაზე მუშაობა იწყება. დიდი იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო და სამხედრო უწყებების ერთად დგომა კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
სავარჯიშო შეჯიბრების ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე ორგანიზაციის გუნდი წინასწარ მომზადებული კიბერშეტევის პირობებში განახორციელებს ვირტუალური სივრცის დაცვის ოპერაციას. სავარჯიშოს შედეგად გაანალიზდება თითოეული გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები და გუნდების გაძლიერების მიზნით რეკომენდაციები მომზადდება.
მსგავსი ფორმატი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მას “წითელი და ლურჯი” ჯგუფების სავარჯიშოებს უწოდებენ.
„21-ე საუკუნეში ნებისმიერი კონფლიქტი გაჯერებულია კიბერელემენტებით, შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია კიბერსივრცის დაცვა. კიბერუსაფრთხოება საერთო პასუხისმგებლობაა სახელმწიფო და კერძო სექტორებისთვის და მოითხოვს მხარეთა აქტიურ თანამშრომლობას. მიმაჩნია, რომ მსგავსი სავარჯიშოები ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებას კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. მოხარულები ვართ, რომ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად აღნიშნულ ღონისძიებას ვუწევთ ორგანიზებას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - განაცხადა კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ.
ღონისძიებაში 16 გუნდი მონაწილეობს. თითოეული გუნდი წარმოდგენილია 2-3 წევრით. მონაწილეები როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურების შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები არიან. დაგეგმილია, რომ ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართოს და ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დონე კიდევ უფრო ამაღლდეს.
კიბერუსაფრთხოების სავარჯიშოები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებითა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.