საფრანგეთში, 26 ნოემბერს გაიმართა ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე. სხდომას ესწრებოდნენ პარიტეტული კომისიის წევრები, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, გოჩა ჯავახიშვილი, "ამხანაგობა ქართული კერას" წარმომადგენლები, ირენ ციციშვილი და ეთერ ფაღავა. აგრეთვე, კომისიის ახალი წევრი – ელისო ტარასაშვილი, რომელმაც კომისიაში ტიერი ბერიშვილი შეცვალა. სხდომაზე განხილულ იქნა ლევილის შატოს მამულის დიაგნოსტიკური და წინასწარი შეფასებითი სამუშაოების პირველი ნაწილი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ფულადი სახსრების პირველი ტრანშით იყო გათვალისწინებული. სამუშაო დოკუმენტი, რომელიც 700-მდე გვერდს მოიცავდა არქიტექტორმა რიშარ საბატიემ წარმოადგინა. გაიმართა დისკუსია ლევილის შატოს მამულის შემდგომი კეთილმოწყობის დეტალების შესახებ.
პარიტეტული კომისიის მომდევნო სხდომა 2015 წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართება, რომელზეც შეჯამდება ლევილის შატოს მამულის დიაგნოსტიკური და წინასწარი შეფასებითი სამუშაოები, რის შემდეგაც კომისიის წევრები ქ. პარიზში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და საზოგადოებას სამუშაოების დასრულების შედეგებს გააცნობენ.