27 და 29 ნოემბერს 19:00 საათზე “მოძრაობის თეატრში” ირინე რატიანის საოპერო ხელოვნების ასოციაცია “ბელკანტო” და “მოძრაობის თეატრი” თბილისის მერიის კულტურული ღონისძიბების ცენტრის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ“შექსპირი და ოპერა”.
აღნიშნული პროექტი მუსიკალური ხელოვნებისა და თეატრის მოყვარულებს ძალზე საინტერესო და უჩვეულო პერფორმანსს ჰპირდება - კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ალტერნატიული ხელოვნების უპრეცენდენტო ტანდემს საქართველოში. ოპერა და მოძრაობის თეატრი, ერთ მთლიანობად შეკრული, სრულიად ახალ და თანამედროვე ხელოვნების სტანდარტებით შექმნილ სანახაობას სთავაზობს ქართველ მაყურებელს.
შექსპირი და ოპერა - უსასრულო თემაა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში და შემთხვევითი არ არის, რომ ეს პროექტიც სწორედ შექსპირის გენიალურ ქმნილებებზეა აგებული.
პროექტი “შექსპირი და ოპერა” არაერთ მნიშვნელოვან ამოცანას ემსახურება: უწინარესად, ეს არის გენიალური კომპოზიტორების ოპერებში შექსპირის უკვდავი პერსონაჟების გაცოცხლება, მათი ახლებურად წარმოჩენა ქართველი მაყურებლისთვის უჩვეულ რაკურსში და, ამავდროულად, კლასიკური ელფერის შენარჩუნება; მნიშვნელოვანია გამოცდილი, სახელოვანი არტისტების გვერდით პერსპექტიული ახალგაზრდების დაკავება და არსებული რესურსის მაქსიმალურად მობილიზება; საგულისხმოა, რომ პროექტი დიდად შეუწყობს ხელს საოპერო და თანამედროვე თეატრის პოპულარიზაციას და ალტერნატიული პერფორმანსის კულტურის გარღმავებას საქართველოში, მით უფრო კომპაქტურობის, მობილურობის გათვალისწინებით, რაც მოსახერხებელს გახდის პერფორმანსის გატანას რეგიონებში.
უჩვეულოა პერფორმანსის იდეური კონცეფცია: უილიამ შექსპირი სასამართლო პაექრობაში იწვევს თავის პერსონაჟებს - ოტელოს, იაგოს, დეზდემონას, რომეოს, ჯულიეტას, მაკბეტს, ფალსტაფს... და მათთან დიალოგში განიხილავს უბერებელ, მუდამ აქტუალურ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს.
და რაც უმთავრესია, ყოველივე ეს თამაშდება სინთეზში ოპერის მომღერლების, დრამის მსახიობების, მოძრაობის თეატრის მსახიობების მონაწილეობით და სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. პერფორმანსი ვითარდება მოძრაობის თეატრის სივრცეში და მოიცავს მსახიობების არავერბალურ და ვერბალურ მოქმედებას ჰაერში, კედელზე, იატაკზე - საჰაერო შოუს ეკვილიბრისტების მონაწილეობით. მთავარ მუსიკალურ მასალას წარმოადგენს არიები და სცენები როსინის (“ოტელო”), ვერდის (“ოტელო”, “მაკბეტი”, “ფალსტაფი”), ბელინის (“კაპულეტები და მონტეკები”), გუნოს (“რომეო და ჯულიეტა”) ოპერებიდან.
პროექტის ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ირინე რატიანი. პერფორმანსში მონაწილეობს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ცნობილი იტალიელი დირიჟორის ჯანლუკა მარჩანოს ხელმძღვანელობით. სპექტაკლის რეჟისორია ქეთევან - ხათუნა ბედელაძე, ქორეოგრაფი - კახა ბაკურაძე, გრიმი - ანუკა მურვანიძის სტუდია, კონცერტმაისტერი - ქეთევან გელაშვილი, დიზაინერი - ბესიკ დანელია, პროექტის კოორდინატორია ქეთევან ნოზაძე.
დადგმაში მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები - ირინე რატიანი, სულხან გველესიანი, კახაბერ თეთვაძე, ოთარ ჯორჯიკია და ახალგაზრდა საოპერო მომღერლები - ნუცა ზაქაიძე, ნინო ჯაჭვაძე, მარიამ როინიშვილი, ასევე დრამის მსახიობები - ლილი ხურითი, ფიქრია ნიქაბაძე, ანდრია გველესიანი, ლევან ქარჩილაძე და მოძრაობის თეატრის დასი.
პროექტის გენერალური პარტნიორია ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. მხარდამჭერები არიან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი და კომპანია “დიო”.