დონორი ორგანიზაციები საქართველოში დაფინანსებას გაზრდიან.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, სწორედ აღნიშნულ საკითხს ეძღვნება სამხრეთ კავკასიის დონორთა საკოორდინაციო საბჭოს კონფერენცია, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ამ წუთებში მიმდინარეობს.
"კონფერენციაზე დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფინანსებული საგზაო პროექტების შესახებ ვისაუბრებთ. აღსანიშნავია, რომ დონორებს აქვთ გეგმა, გაზარდონ დაფინანსება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ გეგმებზე მსჯელობა", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციას, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით იმართება, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნებიც ესწრება, რომელიც თბილისს მორიგი ვიზიტით სტუმრობს.
"თბილისი მარიოტიდან" სემნები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლებს. დღის განმავლობაში კი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრას.