დღეს, 10 ნოემბერს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია გაუძღვებიან. პრეზენტაციის ფარგლებში დაგეგმიალია ხელოვნების სასახლეში დაცული ბაში-აჩუკისა და თავადი ჩოლოყაშვილის კინო-კოსტიუმების გამოფენა.
სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭრითა და ხელოვნების სასახლის ორგანიზებით, გამოიცა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილესა და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კატალოგი. კრებული რვა ძირითად თავს მოიცავს, რომელშიც შესულია მწერლის ცხოვრების როგორც ცნობილი, ასევე ნაკლებად შესწავლილი და განხილული დეტალები. წიგნი ეფუძნება ხელოვნების სასახლეში დაცულ საარქივო დოკუმენტებს - აკაკის, როგორც რეჟისორისა და მსახიობის შესახებ; ასევე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებულ მასალებს, სადაც ასახულია აკაკის შემოქმედებითი მოღვაწეობა. კატალოგში გამოყენებულია საქართველოს ლიტერატურის მუზეუმისა და სხვიტორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმების უნიკალური ექსპონატები.
220-გვერდიანი კატალოგი 500-მდე ილუსტრაციას მოიცავს, რომელთა უმეტესეობაც ფართო საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი იყო.