5 ნოემბერს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია „არტისტერიუმის“ შესახებ, რომელსაც 6-16 ნოემბერს, თბილისში, სხვადასხვა საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს. პრესკონფერენციას გაუძღვებიან კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო, მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე ნანა ცერცვაძე, არტისტერიუმის კურატორი მაგდა გურული და თბილისის ისტორიის მუზეუმის გამოფენების კურატორი ლიკა მამაცაშვილი.
რიგით VIII თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი 2015“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერითა და ასოციაცია „არტისტერიუმის“ ორგანიზებით ტარდება.
2015 წლის „არტისტერიუმის“ მთავარი თემაა - „რას ფიქრობ დღეს?“/What’s on your mind? თბილისის თანამედროვე ხელოვნების გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები საქართველოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, შვეიცარიიდან, სამხრეთ კორეიდან, ფინეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.