ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის, ელჩ კიასტუტის იანკაუსკასის ცნობით, მიმდინარე წელს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 124 ადამიანი დააკავეს, ხოლო დე-ფაქტო აფხაზეთში ასეთი შემთხვევები შედარებით ნაკლებია.
როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე იანკაუსკასმა განაცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების სიტუაცია შედარებით მშვიდია, მაგრამ იყო პერიოდები, როცა ახალი სირთულეები არსებობდა.
„ვგულისხმობ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების განთავსებას სოფელ ხურვალეთთან. ამასთან, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ენგურის საზღვართანაც. რაც შეეხება ამჟამინდელ უსაფრთხოების ვითარებას, იგი იმ შეთანხმებების საფუძველზე ყალიბდება, რომელსაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ხელი მოაწერა. ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და დე-ფაქტო აფხაზეთის შეიარაღებული ნაწილების უფრო აქტიური ტრენინგი მიმდინარეობს, ვიდრე ადრე ხდებოდა“, - განაცხადა იანკაუსკასმა.