თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და მის მმართველობაში არსებული ,,ა.ა.ი.პ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ 9 თვის ანგარიში განიხილა.
მერიის საქალაქო სამსახურის ანგარიში წარმოადგინა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ და „ა.(ა)ი.პ. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.
სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროში მიზნობრივი პროგრამების მიმდინარეობა და შედეგები. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოციალურად დაუცველ სტუდენტთა დაფინანსების პროექტი, რომლის ფარგლებში 9 თვის განმავლობაში 1600-ზე მეტი ახალგაზრდა დაფინანსდა. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით საზაფხულო სკოლაში გადამზადდა 80 მოსწავლე. აგრეთვე, სიახლეს წარმოადგენს საჯარო სკოლაში მცირე გრანტების კონკურსი მოსწავლეებისთვის და საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი “ჯიფონი-საქართველო 2015”, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ კინოცენტრს შორის თანამშრომლობით განხორციელდა.
,,ა.ა.ი.პ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ანგარიშში დეტალურად და თვალსაჩინოდ ისაუბრა ამ დროისთვის დასრულებულ, აღდგენილ და მშენებარე ბაგა-ბაღების შენობებზე. თემურ თორდინავამ ასევე ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ბაღებში ერთი წლის მანძილზე განხორციელდა. მისი თქმით, 40 საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო მოედნები და 14 ბაღში დაიგო ასფალტის საფარი.
თემურ თორდინავამ ასევე ისაუბრა საკვები პროდუქტების შესყიდვების მიზნით გამოცხადებულ ერთობლივ ტენდერებზე. მისი თქმით, ტენდერები წარმატებით მიმდინარეობს და პროცესები შესყიდვების მიმართულებით გამჭირვალე გახდა.
ბაღების სააგენტოს უფროსი თავის ანგარიშში ასევე შეეხო სასკოლო მზაობის პროგრამას, რომელიც ბაგა-ბაღებში 2015 წლის 19 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
თემურ თორდინავამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით მოხდა ტერიტორიების მოძიება ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სადაც მომავალი წლისთვის სულ ცოტა შვიდი ახალი ბაგა-ბაღი აშენდება.
თამარ ტალიაშვილმა წარმოდგენილი ანგარიში შეაჯამა და მერიის წარმომადგენლებს დეტალური ანგარიშის წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი უპირველესი საზრუნავი ბუნებრივია არის ბავშვები და დღეს ამომწურავად ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომლებიც ეხება ბაგა-ბაღებში კვების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ახალი ბაღების მშენებლობას და დახრული ბაღების გახსნას, ახლი ჯგუფების დამატებას. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ გაერთიანებულ ტენდერზე. ეს არის სიახლე, რომელიც შესყიდვის მიართულებით ბაგა-ბაღებში დაინერგება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რეფორმა, რომელიც ეხება ბაგა-ბაღებში მასწავლებლებისა და აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლებას. ეს ის ძირითადი საკითხებია რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ასევე სხვა მრავალ პროექტზე, რომელიც დედაქალაქში მიმდინარეობს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
სხდომას, რომელიც ინტერაქტიულად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, კომისიის წევრებთან ერთად საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
კომისიის მიერ ანგარიშის გამოთხოვა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების შესრულების პროცესის განხილვასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას წარმოადგენდა.