28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოში (თამარ მეფის დარბაზში) გაიმართება გ.ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე დაესწრება.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „სინფონიეტა“; გოგა პიპინაშვილის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი „ართ-ჰოლი“, რომელიც გ.ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს; მსახიობები გოგა პიპინაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ნანა შონია, ნანა ხურითი, ლილი ხურითი და ზურა ყიფშიძე გამარჯვებულ მინიატურებს წაიკითხავენ.
პრემია „ერთგულება“ გადაეცემა სამი საუკეთესო მინიატურის/ჩანახატის ავტორს.
გ.ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია მინიატურის ჟანრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟითა და ფონდ „კულტურათა დიალოგის“ ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა. კონკურსის სახელწოდება „ერთგულება“, გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა.
2014 წელს 200-ზე მეტი საკონკურსო ნამუშევრიდან კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი საპრიზო და შვიდი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. გამარჯვებულებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემია გადაეცემათ.