„ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი „თბილისი-მარათონი“ 25 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ გაიმართება. წელს თბილისიმარათონის ღონისძიების მარშრუტი ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს. სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ცენტრალური ქუჩები.
წლევანდელი ღონისძიება მოიცავს სამ გარბენს: ნახევარმარათონს (21,097 კმ); 10 კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენს (500 მ. და 1000 მ.).
„თბილისი-მარათონის“ გარბენი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდება.
„თბილისი-მარათონი“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საელჩოსა და ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით ტარდება. პროექტს საერთაშორისო მასშტაბით მხარდაჭერას უწევს ავსტრიული კომპანია Sporturlaub, რომელიც „თბილისი-მარათონისთვის“ სხვადასხვა ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს უცხოელ სტუმრებს.
ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა.
ტრადიციისამებრ, 2015 წელსაც „თბილისი-მარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული ოდენობით რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის გაფართოებასა და არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
მარათონის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.